English / ქართული / русский /
მაია ჩინჩალაძე ლელა ბოჭოიძე
ცვლილებები იჯარის, დღგ-ის და აღრიცხვის კუთხით პანდემიის პერიოდში

ანოტაცია. ფისკალური პოლიტიკა გადასახადებისა და ხარჯების სფეროში  სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. დისკრეციული ფისკალური პოლიტიკა ნიშნავს გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების ცვლილებას ბუმის ან რეცესიის პირობებში. მათ სახელმწიფო ახორციელებს ორი ინსტრუმენტით: საბიუჯეტო პროცესით და საგადასახადო კოდექსით. ფისკალური პოლიტიკა 2 სახისაა ექსპანსიური და შემზღუდავი. სწორედ ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას  (გადასახადების შემცირება ან სახელმწიფო ხარჯების ზრდა ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის) მიმართავს მთავრობა მაშინ,  როდესაც ქვეყანა იმყოფება რეცესიაში, უმუშევრობასა და ინფლაციასთან საბრძოლველად.

შესავალი

დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ცვლილებების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად აღარ განიხილება საქონლის დროებითი შემოტანა. საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან დამხმარე ხასიათისაა და განიხილება ამ მომსახურების გაწევის (საქონლის მიწოდება) ნაწილად. 

1.     ცვლილებები დღგ-ის კარში

ბიზნესში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება ორი ძირითადი პრინციპით:

1. ბიზნესი ბიზნესისთვის (B2B) ამ შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მომსახურების მიმღების დაფუძნების ადგილი.

2. ბიზნესი მომხმარებლისთვის (B2C)  მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება

მომსახურების გამწევის დაფუძნების ადგილი.

ამდენად, დღგ-ის მიზნებისთვის შეიცვალა „მომსახურების გაწევის ადგილის“ განსაზღვრის პრინციპები, რომელთა მიხედვით მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ტიპის მომსახურებას უწევს საქართველოს რეზიდენტი არარეზიდენტს, არამედ ვინ არის მომსახურების მიმღები  ბიზნესი (B to B) თუ საბოლოო მომხმარებელი (B to C). 

B to B შემთხვევაში ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არ უნდა მოხდეს საქართველოში, რადგან მიმღები პირის ქვეყანა (უცხოეთი) ითვლება მომსახურების გაწევის ადგილად. ხოლო B to C ტრანზაქციის შემთხვევაში, საქართველოდან უცხოეთში მიწოდებული სერვისის საქართველოში დღგ-ით დაბეგვრა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში მოხდება.  

ეს ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დღგ-ის კარში, 2021 წლიდან შესულ ცვლილებებს შორის.

 2021 წლამდე არსებული ნორმა  შეესაბამებოდა ევროკავშირში მოქმედ პრინციპებს. ამ მიზეზის გამო, საქართველოდან არარეზიდენტებისთვის მომსახურების გაწევა დღგ-ით ორმაგად იბეგრებოდა. 

2.     ცვლილებები    ფასს 16  იჯარა

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ  IASB  გამოსცა ფასს 16 იჯარები, იგი ძალაში შევიდა 2019 წლის 1 იანვარს. ფასს 16 მოიცავს ცვლილებებს იჯარის აღრიცხვის კუთხით და შემუშავებულია   არსებული სტანდარ­ტების ჩასანაცვლებლად  (ბასს 17 იჯარები).[1] აქვე ფუნდამენტურად იცვლება მოიჯარის მიერ აღრიცხვიანობის სტილი. სტანდარტი ადგენს აღიარების, შეფასების, წარდგენისა და ინფორმაციის გამჟღავნების პრინციპებს იჯარისთვის.[2]

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის SARAS-ის მითითებები  კორონავირუსის პანდემიის (COVID-19) მიმდინარე კრიზისში შემცირებული მოხმარების, წარმოებისა და ვაჭრობის; მგზავრობაზე, ღონისძიებების გამართვაზე აკრძალვების დაწესების ვითარებაში დაზარალებულ სუბიექტებს ეხმარება მათ წინაშე არსებული აღრიცხვა-ანგარიშგების პრობლემების მოგვარებაში.

სალიზინგო ხელშეკრულების მოდიფიკაცია მოიცავს სალიზინგო ხელშეკრულების შინაარსის ცვლილებას: 

  • აქტივის გამოყენების უფლების ცვლილებას;
  • საიჯარო საზღაურის ცვლილებას;
  • სალიზინგო ხელშეკრულების ცვლილებას.

სახელმწიფო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. 2020 წლის 28 მაისის ცვლილების თანახმად COVID-19 Related Rent Concession Amendment to IFRS 16 Leases (the amendment) მოიჯარეს საშუალებას აძლევს კოვიდ-19-ის დროს მიმდინარე მოვლენები სალიზინგო ხელშეკრულებებში არ განიხილოს, როგორც „მოდიფიკაცია“, რაც საჭირო იქნებოდა ფასს-16-ის სტანდარტული მოთხოვნების მიხედვით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2020 წ. 1 ივნისიდან და გარკვეულ კრიტერიუმებს მოითხოვდა: სალიზინგო გადახდების  ცვლილება ან ახლოს არის ძველ სალიზინგო გადახდებთან, ან მასზე ნაკლებია.  ცვლილებები სალიზინგო გადახდებში 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა. 

3. ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში

საქართველოს შრომის კოდექსში გატარებული  ცვლილებების თანახმად, დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა უნდა აწარმოონ  ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდით მიღებული სარგებელი. 

დასკვნა

COVID 19-ის პანდემიის შემდგომ  ქვეყნის მთავრობებმა და ინსტიტუტებმა გაატარეს ეფექტური ღონისძიებები კრიზისის  ზეგავლენის შესამცირებლად როგორც ბიზნესზე, ასევე ცალკეულ ინდივიდსა და ოჯახზე.

ფისკალური და ფინანსური საკომპენსაციო ზომები ფართოვდება და მოიცავს:

-       სახელმწიფო კრედიტებს ბიზნესისათვის;

-       ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთების შემსუბუქებას;

-       პირდაპირ ბიზნესგრანტებს;

-       თვითდასაქმებულების მხარდაჭერას;

-       გადასახადების გადავადებას;

-       ავადმყოფობასთან დაკავშირებულ შეღავათებს, გადახდის წესების შემსუბუქებას.

შეღავათები შეეხო დეკლარაციებს: გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის  (საშემოსავლო),საშემოსავლო გადასახადის წლიურ და საწარმოს ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებს; მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობისა და კომუნალური გადასახადების დაფინანსებას; ქონების გადასახადის განახევრებას; საგარეო დაფინანსების მოზიდვას; ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერებას; საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებას; საბანკო რეგულაციების შემდგომ გამარტივებას; საავადმყოფოს აღჭურვა/გაძლიერებას; სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელებას; ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავებას მსოფლიოში შეცვლელი მდგომარეობის გათვალისწინებით; არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მაქსიმალურ გამოყენებას (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები); ფინანსური პირობების შერბილებას ბანკებისათვის; დარგების იდენტიფიცირება/წახალისებას შიდა ბაზრისათვის – ექსპორტისათვის; უცხოური ინვესიტიციების მოზიდვას; განათლების სექტორის ძირეულ რეფორმას კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0
  2. http://www.gfpaa.ge/site/files/GangrdzobiTi
  3. https://www.bdo.global/getmedia/00f25c48-330a-470b-82d7-b323335ba0a9/IFRS16IP_Leases-2019-2020.aspx 
  4. https://saras.gov.ge/Content/files/2018_IFRS_16.pdf 


[1] https://www.bdo.global/getmedia/00f25c48-330a-470b-82d7-b323335ba0a9/IFRS16IP_Leases-2019-2020.aspx

[2] https://saras.gov.ge/Content/files/2018_IFRS_16.pdf